სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეში "ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს". ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში თქვა.
მისი თქმით, "დარღვევა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატს ექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოეხდინა რეაგირება, არ ყოფილა".
"ლაზარეს შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ინფორმაციაზე გვქონოდა წვდომა. პირველივე საათიდან ვიყავით ჩართული. მე თავად მოვინახულე ლაზარე საპყრობილეში. არ ყოფილა პროცესი, გარემოება, სადაც ჩვენი ჩართვა იყო საჭირო და ამაში არ მიგვეღო მონაწილეობა. თავის გადაპარსვის ეპიზოდზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დღემდე ვამორიტორინგებთ ამ გამოძიების პროცესს.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, საპროცესო დარღვევებთან მიმართებით, ჩვენმა აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა. ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად, რადგან ამის უკან დგანს უამრავი პროფესიონალი ადამიანის ცოდნა და ეს ასე არის. თავად საქმეში, რომელიც ჩვენ გვაქვს და პროცესში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, დარღვევა ვერ დავინახეთ. სხდომებს რეგულარულად ვესწრებით და ასეთი დარღვევა, რომელზეც ჩვენ გვექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, როგორც პროცედურული, ასევე შინაარსობრივი არ ყოფილა", - ამბობს იოსელიანი.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა 8 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება. გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.